English / ქართული / русский /
ქრისტინე (ქეთევან) კურატაშვილი
კულტურა და მისი როლი “მწვანე ეკონომიკის” ფორმირებაში

რეზიუმე

სამეცნიერო ნაშრომში განხილულია კულტურა _ როგორც კომპლექსური ფაქტორი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის იდეურ-თეორიული ბაზისი და აუცილებელი პირობა, და მაშასადამე, ასევე როგორც “მწვანე ეკონომიკის” ფორმირების ფაქტორი.

სწორედ კულტურას _ კულტურის ფაქტორს _ კომპლექსური გაგებით, აქვს პრინციპული მნიშვნელობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის, რაშიც იგულისხმება აგრეთვე “მწვანე ეკონომიკის” ფორმირება ხალხის ინტერესების რეალიზაციისათვის.

მაშასადამე, კულტურას ეკუთვნის პრინციპულად მნიშვნელოვანი როლი “მწვანე ეკონომიკის” ფორმირებაში, რამეთუ კულტურის პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომის და კულტურის ფაქტორის ეფექტიანი გამოყენების გარეშე, რეალურად “მწვანე ეკონომიკის” ფორმირება განუხორციელებადია.

განსაკუთრებული ყურადღება სამეცნიერო ნაშრომში გამახვილებულია კულტურის განვითარებისადმი შემოქმედებით მიდგომაზე, და, კერძოდ, მეცნიერების და განათლების განვითარების, სამართლებრივი და მმართველობითი კულტურის პრობლემებზე, რომელთა გადაჭრა წარმოადგენს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეფექტიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, და მაშასადამე, “მწვანე ეკონომიკის” ფორმირების აუცილებელ პირობას.

ამრიგად, კულტურაში ავტორის მიერ იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, სულიერი კულტურა: განათლება – როგორც კულტურა, მეცნიერება – როგორც კულტურა, და აგრეთვე სამართლებრივი კულტურა, მმართველობითი კულტურა და ა.შ., რაც ავტორის სამეცნიერო გამოკვლევებში განხილულია, როგორც კულტურის კომპლექსური ფაქტორი.

ამასთანავე, კულტურის ფაქტორი ზემოაღნიშნული გაგებით, ავტორის რწმენით, უპირატესად წარმოადგენს – უშუალოდ მოქმედ ფაქტორს, მაშინ როდესაც მხატვრული კულტურა, ისევ ავტორის დასაბუთებული რწმენით, წარმოადგენს სახელმწიფო მართვის და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის, და მაშასადამე, “მწვანე ეკონომიკის” ფორმირების – არაპირდაპირ მოქმედ ფაქტორს.